გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ, რომლის თანაავტორი საქართველოცაა
გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, 25 მარტს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების შესახებ – Global Media and Information Literacy Week.
რეზოლუციის მიღებით, დაწესდა მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კვირეულის ყოველწლიურად აღნიშვნა 26-31 ოქტომბრის პერიოდში.
გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ცნობით, საქართველო არის რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორი ქვეყნების ჯგუფთან ერთად, რომელიც ასევე მოიცავს: ავსტრალიას, სომხეთს, ბურკინა ფასოს, ჩილეს, კოსტა რიკას, ინდოეთს, იამაიკას, ლატვიას, ლიბანს, ლიტვას, მალდივის რესპუბლიკას, მაროკოს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, კატარს, სენტ ვინსენტსა და გრენადინებს, სერბეთს, უგანდას და უკრაინას. ჯამში რეზოლუცია გაერო-ს წევრმა 96-მა სახელმწიფომ დაასპონსორა.
„რეზოლუცია ეხება ჩვენი დროის მეტად აქტუალურ თემას, როგორიც არის არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლა და გამკლავების გზები ზოგადად და ასევე პანდემიის პირობებში. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია მედიისა და ინფორმაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა, რათა მოქალაქეებს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ჰქონდეთ მიღებული ინფორმაციის სწორად შეფასების უნარები. ასევე აღნიშნულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის აუცილებლობა. ამ პრობლემატიკასთან გამკლავების მიზნით რეზოლუციაში საუბარია, როგორც თითოეული ქვეყნის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე კერძო სექტორთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართულობაზე“, – აღნიშნულია გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციაში.