გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - კახოვკის კაშხლის აფეთქებას ექნება მძიმე და გრძელვადიანი შედეგები სამხრეთ უკრაინაში ათასობით ადამიანისთვის
კახოვკის კაშხლის აფეთქებას ექნება მძიმე და გრძელვადიანი შედეგები სამხრეთ უკრაინაში ათასობით ადამიანისთვის, – განაცხადა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა.
მისი თქმით, მძიმე შედეგები მოსახლეობისთვის ფრონტის ხაზის ორივე მხარეს სახლების, საკვების, უსაფრთხო წყლისა და საარსებო წყაროს დაკარგვით გამოიხატება.
„კატასტროფის დიდი მასშტაბები მხოლოდ უახლოეს დღეებში გახდება სრულად გაცნობიერებული. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ“, – აღნიშნა გრიფიტსმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნით დაინიშნა. დიპლომატებმა კახოვკის ელექტროსადგურის წყალსაცავის აფეთქების შესახებ იმსჯელეს.