გაერო-ს გენერალური მდივანი - თუ მსოფლიო კურსს არ შეიცვლის, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება
თუ მსოფლიო 2020 წლისთვის კურსს არ შეიცვლის, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება შესაძლოა შეუძლებელი გახდეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ანტონიუ გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურობისკენ მოუწოდა.
ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლიტიკური ლიდერები შემდეგ სექტემბერს, ნიუ-იორკში საგანგებო სამიტზე მიიწვია, რომელიც მთლიანად კლიმატის ცვლილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს დაეთმობა.
სიტყვით გამოსვლის დროს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ წლევანდელი სტიქიური უბედურებები, ტყის ხანძრები, ქარიშხლები და წყალდიდობები რთული ვითარების საგანგაშო მაჩვენებელია. ანტონიუ გუტიერეშის თქმით, კლიმატის ცვლილების გამო, წყალქვეშა სამყარო განადგურების ზღვარზეა. ატმოსფეროში კარბონის დიოქსიდის, ანუ ნახშირორჟანგის შემცველობა კი ბოლო სამ მილიონ წელში უმაღლეს მაჩვენებელზეა.
2015 წელს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, პარიზში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, დოკუმენტში ჩართული სახელმწიფოები მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ცოტას აკეთებენ. სწორედ ამიტომ, ანტონიუ გუტიერეშის თქმით, კლიმატის ცვლილებაზე საგანგებო სამიტის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია.