გაერო-ს გენერალური მდივანი - კორონავირუსის კრიზისი სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა
გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, კორონავირუსის კრიზისის სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ანტონიუ გუტერეშის თქმით, ვირუსის გავრცელებას შედეგად მოჰყვება „რეცესია, რომელიც წარსულში არასდროს გვინახავს“.
„კოვიდ-19 არის უდიდესი გამოცდა, რომლის წინაშეც გაერო-ს ფორმირების შემდეგ აღმოვჩნდით“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
მან მოუწოდა მსოფლიოს კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა პანდემია შეჩერდეს. გუტერეშმა ასევე მიმართა ინდუსტრიულ სახელმწიფოებს და განვითარებადი ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდა.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს. ამავე დოკუმენტის ავტორები პროგნოზირებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში 40%-ით შემცირდება.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 850 000-ს უახლოვდება. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 41 000 ადამიანი.