გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია აუცილებელია
გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია აუცილებელია. ანტონიუ გუტერეშმა ეს განცხადება ლვოვში უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები უნდა გავიდნენ ატომური ობიექტიდან და აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს, რომ ზაპოროჟიეს სადგური სამხედრო მიზნებით არ იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ კიევი და მოსკოვი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინა სადგურზე საერთაშორისო მისიის გაგზავნას ითხოვს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპის უდიდესი ატომური სადგურის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო. საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, რათა ავიცილოთ ნებისმიერი ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ატომური სადგურის ფიზიკურ მდგრადობას ან უსაფრთხოებას. ის არ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო ოპერაციის შემადგენელ ნაწილად. ამის ნაცვლად საჭიროა შეთანხმება, რათა ზაპოროჟიეში იყოს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოება. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა იყოს გაყვანილი სადგურიდან. აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზება. ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, ზაპოროჟიეს ნებისმიერი დაზიანება თვითმკვლელობაა“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.
როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ლვოვში გაერო-ს გენერალურ მდივანთან და თურქეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტების ზაპოროჟიეს სადგურზე ჩასვლის პარამეტრები უკრაინამ გაერო-სთან უკვე შეათანხმა. კიევი მიიჩნევს, რომ სპეციალისტები სადგურზე უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უნდა შევიდნენ. რუსეთი ამ წინადადებას არ თანხმდება. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დემილიტარიზაცია მათთვის მიუღებელია.