გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დღეს დემოკრატიული პრინციპები ალყაშია
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ დღეს დემოკრატიული პრინციპები ალყაშია. ამის შესახებ გუტიერეშმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გენერალური დებატების გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ანტონიო გუტიერეშმა თავის გამოსვლაში ქვეყნებში მზარდი პოპულიზმისა და პოლარიზაციის საფრთხეზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი ნდობა ძალიან სუსტია. როგორც გუტიერეშმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო განიცდის ნდობის დეფიციტს, ადამიანები კი თავს დაუცველად გრძნობენ.
„ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ. დარღვეულია ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი, სახელმწიფოებს შორის, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისადმი. ქვეყნებში ადამიანები კარგავენ ნდობას პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, პოლარიზაცია და პოპულიზმი კი აღზევებას განიცდის, ქვეყნებს შორის კი თანამშრომლობა სულ უფრო რთულია. დღეს მსოფლიო წესრიგი სულ უფრო ქაოტურია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები სულ უფრო ნაკლებად მკაფიო. უნივერსალური ღირებულებები წაშლილია, დემოკრატიული პრინციპები ალყაშია, კანონის უზენაესობა კი დარღვეულია“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრების წინაშე გამოსვლისას გუტიერეში მიგრაციის საკითხსაც შეეხო.
„ისინი, ვინც საზღვარს უკეტავენ მიგრანტებს, მხოლოდ აძლიერებენ კონტრაბანდისტებს“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გუტიერეშის თქმით, მასობრივი ეგზისტენციური საფრთხეების პირობებში, წინსვლის ერთადერთი გზა ერთობლივი მიზნის მისაღწევად კოლექტიური მოქმედებაა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბირთვულ გაუვრცელებლობაზეც ისაუბრა.
„ბირთვული საფრთხე არ მცირდება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა სერიოზული რისკის წინაშეა. ქვეყნები, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ, საკუთარი პოტენციალის მოდერნიზებას ახდენენ. შესაძლებელია ბირთვული შეიარაღების ახალი რბოლის პროვოცირება, ამ იარაღის გამოყენების ზღვარი კი შემცირებულია“, – აღნიშნა გუტიერეშმა.
გუტიერეშმა ასევე ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების საფრთხის საკითხს დაუთმო დრო. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გლობალური დათბობის საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება და მსოფლიო ლიდერებს ამ მხრივ გააქტიურებისკენ მოუწოდა.