გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დიასპორის შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალურმა დირექტორმა ანტონიო ვიტორინომ.
„შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა წარმოაჩინეს დიასპორის მდგრადი და ეფექტური ჩართულობის საუკეთესო გამოცდილება. ხაზი გაუსვეს დიასპორის წარმომადგენლების რესურსსა და შესაძლებლობებს, რომლის მეშვეობითაც მათ ფასდაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების, განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლიათ“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, ძირითადი პანელის შემდეგ, პირველ მომხსენებლად, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ისაუბრა კრიზისულ პერიოდში (განსაკუთრებით – გლობალური პანდემიის დროს) ადგილსამყოფელ ქვეყნებში მყოფ თანამემამულეებთან ერთობლივად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებზე. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზოგადოებას გააცნო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობას უწყობს ხელს.