გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყირიმისა და შავი ზღვის მილიტარიზაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც 63-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყირიმისა და შავი ზღვის მილიტარიზაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც 63-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა მხარი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყირიმისა და შავი ზღვის მილიტარიზაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასამბლეაზე 63-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით, „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და უკრაინის ქალაქ სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვისა და აზოვის ზღვის ნაწილების მილიტარიზაციის პრობლემა.“

გავრცელებული ცნობით, რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ჩინეთი, კუბა, ირანი, მიანმარი, სირია, ვენესუელა და ზიმბაბვე. 55-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები ყირიმიდან და შეუფერხებლად შეაჩეროს უკრაინის დროებითი ოკუპაცია.

გენერალური ასამბლეა გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ყირიმის ეტაპობრივი მილიტარიზაციის გამო. გარდა ამისა, რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მცხოვრებლების შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე გამოძახების დაუშვებლობას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ ყირიმელი ბავშვების საბრძოლო მომზადებას, რათა მოამზადონ ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას და სპეციალიზებულ უწყებას, თავი შეიკავონ ყირიმში ყოველგვარი ვიზიტებისაგან, რომლებიც არ არის შეთანხმებული უკრაინასთან.