გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - ბეჭდურ და ონლაინ მედიაში კვლავ შეიმჩნევა სიძულვილის ენა
საქართველოში მედიის პროფესიონალიზმი ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით იზრდება და არჩევნები შუქდება უფრო პროფესიონალურად და დაბალანსებულად, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა მუნხტუია ალთანგერელმა განაცხადა.
მისი თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და ევროკავშირი 2010 წლიდან ახორციელებენ საარჩვენო პროგრამების მედიამონიტორინგს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორც თავისუფალი მედიის, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. მინდა გითხრათ, ძალიან დადებითი ტენდენციაა, რომ ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მედიის პროფესიონალიზმი იზრდება და არჩევნები შუქდება უფრო პროფესიონალურად და დაბალანსებულად. საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა როგორც შინაარსის, ასევე გაშუქების ტექნიკის თვალსაზრისით.
პრობლემა, რომელიც რჩება, განსაკუთრებით ბეჭდურ და ონლაინ მედიაში კვლავ შეიმჩნევა სიძულვილის ენა. ასევე, სატელევიზიო ნიუსების ხარისხი არის საკმაოდ გაზრდილი და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდებიან საკმაოდ დაბალანსებულად, მაგრამ ისევ ვერ ვხვდებით ვერც ერთ მედიაში საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს. ეს იქნება ძალიან კარგი და ქართული მედიისთვის არის განვითარების შესაძლებლობა. მოხარული ვიქნებით ასეთ განვითარებას მომავალში მხარი დავუჭიროთ როგორც მედიის კუთხით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების კუთხით“, – განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა.
ევროკავშირმა, გაერო-ს განვითარების პროგრამამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები წარადგინეს. კვლევა მოიცავს 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებას.
კვლევის ავტორთა თქმით, ადგილი ჰქონდა კანდიდატთა ნეგატიურ გაშუქებას. ამასთან, ბოლო წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია ტელევიზიებში სიძულვილის ენის გამოყენება, თუმცა ის გაზრდილია ბეჭდურ მედიაში. მათივე თქმით, კვლავ პრობლემაა ქართულ მედიაში მოვლენების სიღრმისეული გაშუქება. როგორც ანგარიშშია მითითებული, ტელეარხების უმრავლესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები, გამონაკლისი კი მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზიაა.