„დოიჩე ველე“ - გაერო-ს ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩინეთში პატიმრებს შინაგან ორგანოებს აცლიან, ჩინეთი კი ექსპერტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს
გაერო-ს ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩინეთში პატიმრებს შინაგან ორგანოებს აცლიან. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გაერო-ს 12 ექსპერტის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით, ორგანოების იძულებითი ამოღება ჩინეთში ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ ხორციელდება, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არ ეუბნებიან დაკავების მიზეზს ან არ აჩვენებენ დაპატიმრების ორდერს.
ექსპერტების თქმით, ორგანოების ამოღება ძირითადად უიღურების, ტიბეტელების, მუსლიმანების, ქრისტიანების და მოძრაობა „ფალუნგუნის“ წევრების წინააღმდეგ ხორციელდება.
ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნის მიხედვით, პატიმრებისგან ძირითადად გულის, თირკმელების, ღვიძლის და თვალის რქოვანას ამოცლა ხორციელდება. გაერო-ს სამუშაო ჯგუფი და ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნულ ინფორმაციას „განსაკუთრებით საგანგაშოს“ უწოდებენ.
დასკვნის გამოქვეყნებას გამოეხმაურა ჟენევაში ჩინეთის მისიის წარმომადგენელი, გაერო-ს ექსპერტები ცილისწამებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ანტიჩინური დეზინფორმაციის მსხვერპლნი გახდნენ.