გაერო-ს ბავშვთა ფონდმა სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ შეაჯამა
„დაინახე ყველაფერი“ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იუნისეფ-ის მიერ განხორციელდა. კამპანია მიმართული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ.
ფონდის კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ატარებს სტიგმას ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვის მქონე ბავშვების მიმართ, მწირი ან არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, რაც იწვევს უსაფუძვლო შიშს, ასევე მითებისა და სტერეოტიპების წარმოშობას. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი, წარმოშობს სტიგმას, რომელიც აფერხებს მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას, შემდგომში კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარიყვას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან.
კამპანია „დაინახე ყველაფერი“ ორი წელია მიმდინარეობდა. ძირითადი აქტივობები იყო მოსახლეობის ინფორმირება, არსებული მითებისა და სტერეოტიპების მსხვრევა,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უნარები სწარმოჩენა და საზოგადოებრივი დისკუსიის გააქტიურება.
„კამპანიის მიზანი იყო, აგვემაღლებინა ცნობიერება შშმ ადამიანების შესახებ და შეგვეცვალა მათი წარმოდგენები. ეს კამპანია იყო უფლებების შესახებ. მათ უფლება აქვთ, იცხვრონ დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცლერმა.
საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალხილის თქმით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი ბავშვია, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ მომსახურებაზე და მათი უფლებები ხშირად არ არის დაცული.
„კამპანიამ ხელი შეუწყო საქართველოში ამ ადამიანების მიმართ სტიგმის შემცირებას 13% ით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელია ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე საქართვლოში ნეგატიური განწყობები აღმოიფხვრება“,-განაცხადა ღასან ხალილმა.