გაერო-ს ბავშვთა ფონდი - სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს განათლების გარეშე ტოვებს
გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის გეგმას, ეტაპობრივად გაიხსნას სკოლები საქართველოს ქალაქეებსა და სოფლებში. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისას პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხო გახსნა.
იუნისეფი აღნიშნავს, რომ სკოლების დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვებზე მთელ მსოფლიოში. გაუარესდა ბავშვებში წერის, კითხვის უნარები, საბაზისო მათემატიკის ცოდნა და 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები.
„მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხეშია. ყველაზე დაუცველი ბავშვები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ყურადღების მიღმა დარჩენის განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან. თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობის, ფიზიკური აქტივობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ჯანმრთელობა უარესდება, გახშირდა ბავშვებში ფსიქიკური დარღვევების ნიშნები. უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმის გარეშე, რომელსაც ხშირად სკოლა უზრუნველყოფს, ისინი უფრო დაუცველნი არიან ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის საფრთხეებისგან. სწორედ ამიტომ, სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, ყველა სხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ. თუ ბავშვებს მოუწევთ კიდევ ერთი წელი სკოლის გარეშე ცხოვრება, ამას გავლენა მთელ თაობებზე ექნება,“ – აღნიშნულია იუნისეფის განცხადებაში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ სკოლის გახსნა-დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე ვირუსის გადაცემის რისკის შეფასება. უნდა არსებობდეს სხვადასხვა გარემოზე მორგებული განსხვავებული სტრატეგიები და ის სკოლები, რომლებიც აკმაყოფილებენ „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების წესებს და იცავენ შესაბამის რეგულაციებს, გაიხსნას.
„იქ, სადაც ვირუსის საზოგადოებრივი გადაცემის მაღალი მაჩვენებელია, სადაც ჯანდაცვის სისტემები ექსტრემალური ზეწოლის ქვეშ არის და სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა გატარდეს საპასუხო დამცავი ზომები. ეს გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა, ბავშვებმა, რომლებიც სკოლის კვების იმედად არიან და რომელთა მშობლებიც წინა ხაზის მუშაკებად შრომობენ, შეძლონ სწავლის გაგრძელება საკლასო ოთახებში.
საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში „კოვიდ-19“-ის გამო ბავშვებისთვის დღემდე დახურულია სკოლები, რაც მათ მთლიანად დამოკიდებულს ხდის დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ციფრული სწავლება განათლების მიღების ძირითადი საშუალება გახდა, ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ უთანასწორობას. სკოლების დახურვა საქართველოში 50 000-ზე მეტ ბავშვს ტოვებს განათლების გარეშე. ძალზე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამატებითი გაკვეთილები ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა, რათა ისინი არ ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას,“ – ნათქვამია იუნისეფის განცხადებაში.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი ასევე მოუწოდებს, მასწავლებლებმა პრიორიტეტულად მიიღონ კორონავირუსის ვაქცინა, მას შემდეგ რაც მოხდება სამედიცინო პერსონალისა და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ხელს შეუწყობს მასწავლებლების ვირუსისგან დაცვას. საშუალებას მისცემს მათ, პირადად ჩაატარონ გაკვეთულები და შეინარჩუნონ გახსნილი სკოლები.