გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ, – ამის შესახებ საუბარია გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში, რომლითაც საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი იმედოვნებს, რომ მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა.
„გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 10-დან 50 ლარამდე. ვიმედოვნებთ, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.
ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მოახდენს კვების ვაუჩერების ეფექტიან ადმინისტრირებას, რომ ამ სიკეთით მაქსიმალურად ისარგებლონ ოჯახებმა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალური ინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება“, – აღნიშნულია გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.