გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, გაზარდოს დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის
გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 100-დან 150 ლარამდე, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის ღასან ხალილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად.
„მთავრობის გადაწყვეტილება, გაზარდოს სოციალური დახმარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბავშვთა სიღარიბის შემცირებისათვის საქართველოში“, – განაცხადა ღასან ხალილმა.
როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით.
მათივე ცნობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალური ინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება.
„გაერო-ს ბავშვთა ფონდის ბოლო „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლა უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას. ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მთავრობა განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარების პროგრამა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაერო-ს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის შედეგად შემცირდა მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავალი. შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით, შინამეურნეობები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ კვების გარდა, სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას, დანაზოგების გამოყენებას, კვებაზე ხარჯების შემცირებას და ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან. უღარიბესი მოსახლეობის 20%-ს არ შეეძლო ბავშვების უზრუნველყოფა სხვადასხვა აუცილებელი ნივთით ან საშუალებით: უღარიბესი ოჯახების 45%-ს არ შეეძლო ბავშვების მომარაგება ფეხსაცმლით, 36%-ს – ტანსაცმლით; 41%-ს – პროტეინით მდიდარი საკვებით; 30%-ს ასაკის შესაბამისი წიგნებით; 53%-ს – სათამაშოებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივნისიდან 150 ლარამდე გაიზრდება.