გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი - შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება დაღუპული დემონსტრანტების ცხედრების გადაცემაზე ოჯახებს უარს ეუბნება 
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი - შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება დაღუპული დემონსტრანტების ცხედრების გადაცემაზე ოჯახებს უარს ეუბნება 

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლული ზოგი დემონსტრანტის ცხედარს ოჯახებს არ უბრუნებს. „როიტერის“ ცნობით, ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს ირანში დაპატიმრებული დემონსტრანტების მიმართ მოპყრობის გამო.

უფლებადამცველების მონაცემებით, ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს მოკლულია სულ მცირე 250 მომიტინგე, ათასობით კი დაპატიმრებულია.

„ჩვენ ვნახეთ არასათანადო მოპყრობის ბევრი შემთხვევა… ასევე დემონსტრანტების ოჯახების შევიწროება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას დაშავებული დემონსტრანტები საავადმყოფოებიდან საპატიმროებში გადაჰყავს და უარს ეუბნება ოჯახებს მოკლული დემონსტრანტების ცხედრების გადაცემაზე“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერმა რავინა შამდასანიმ ჟენევაში გამართულ პრესბრიფინგზე.

მისი ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ოჯახებს ცხედრების დაბრუნების სანაცვლოდ პირობებს უწესებს, კერძოდ, ოჯახებს სთხოვენ არ გამართონ დაკრძალვის ცერემონია და არ გააკეთონ კომენტარი მედიასთან.