გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო
ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავაც ხელს უშლის და არ აძლევს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათზე ეფექტურ კონტროლს.
ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის ქცევის ხელწერა უცვლელი რჩება. 2008 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსგავსი საქციელი ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
ლაშა დარსალია მიესალმა 2022 წლის 10 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში, იმ პირების დაკავების შესახებ ორდერების გაცემაზე მიმართვას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენაში.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის და საკუთრების უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემულია ფაქტები 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე და გამახვილებულია ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას. მან ისაუბრა, ასევე, თავისუფლების აღკვეთის უკანონო შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ხაზი გაუსვა მათი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის აუცილებლობას.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ნათლად მიუთითებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.