გაერო-ს ადამიანის უფლებათა სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ არ შეიძლება, რაფაჰში ისრაელის შეტევა განხორციელდეს, რადგან ეს გამოიწვევს პალესტინელების მასობრივ დაღუპვას
ქალაქ რაფაჰში ისრაელის შეტევა არ შეიძლება განხორციელდეს, რადგან ეს გამოიწვევს პალესტინელების მასობრივ დაღუპვას, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა სააგენტოს წარმომადგენელმა, ჯერემი ლორენსმა განაცხადა.
„ისრაელი თუ დაიწყებს სამხედრო შეტევას რაფაჰში, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია სავალალო, არაადამიანურ პირობებში, რაფაჰზე ნებისმიერი სახმელეთო თავდასხმა გამოიწვევს მასობრივ სიკვდილს და გაზრდის შემდგომი სისასტიკის რისკს. ეს არ შეიძლება დავუშვათ“, – განაცხადა ჯერემი ლორენსმა.
ამასთან, ლორენსმა აღნიშნა: „ჩვენ ასევე ვშიშობთ, რომ ისრაელის შეზღუდვებმა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ალ-აქსას მეჩეთში შესვლაზე, შეიძლება, კიდევ უფრო გააძლიეროს დაძაბულობა“.
ისრაელმა განაცხადა, რომ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში შესვლის შესახებ შესაძლო შეზღუდვებს განიხილავს. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი განაცხადეს, რომ ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფაჰი იქნება.