გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კარლეს პუიჩდემონის საჩივარი მიიღო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კარლეს პუიჩდემონის საჩივარი მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კატალონიის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის საჩივარი მიიღო.

პუიჩდემონი ესპანეთში მისი პოლიტიკური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ჩივის და ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

კარლეს პუიჩდემონი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს მისი კანდიდატურის დაბლოკვას ჟენერალიტეტის მეთაურის არჩევნებში.

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანდიდატი კენჭისყრას პირადად უნდა ესწრებოდეს, პუიჩდემონი კი ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიას აფარებდა თავს. ჟენერალიტეტის ყოფილი მეთაური თვლის, რომ დარღვეულია მისი სხვა პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, საერთო მიზნის, კატალონიის დამოუკიდებლობის მისაღწევად გაერთიანების უფლებაც.

გაერო-ს კომიტეტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში საუბარია, რომ ესპანეთს არგუმენტების წარსადგენად 6 თვიანი ვადა მიეცა. კარლეს პუიჩდემონისგან კი კომიტეტი მოითხოვს მიუთითოს, თუ რა სახის ზომების მიღებას ითხოვს ის საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 23 მარტს საზღვარგარეთ მყოფი 6 პოლიტიკოსის დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა. შედეგად 25 მარტს გერმანელმა სამართალდამცველებმა კარლეს პუიჩდემონი დააკავეს.