გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა განცხადებას, რომელშიც უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს
გაერო-ს 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა განცხადებას, რომელშიც უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს.
განცხადების ტექსტი გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისილიცამ გამოაქვეყნა.
„ყველა სახელმწიფოს გაერო-ს წესდების მეორე მუხლით აქვს ვალდებულება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მოაგვარონ საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით. მუქარისა და ძალის გამოყენების შედეგად ტერიტორიების მითვისება კანონიერად არ იქნება აღიარებული. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო კანონმდებლობის წინაშე აღებული ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, კანადა, მოლდოვა და საქართველო.
როგორც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.