გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში
გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ წაიკითხა.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმურ მცდელობებს, გამართოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დროებით ოკუპირებულ რაიონებში. არჩევნების ჩატარება გაერო-ს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემულობა. ასეთი არჩევნები საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმურ არ არის“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
ბრიფინგის დროს სერგეი კისლიცას სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა გაერო-ში 56 ქვეყნის ელჩი.
კისლიცას თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.