გაერო - რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 382 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ, ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა განაცხადა.
ბოგნერის თქმით, მისიის წევრები უკრაინის ექვს ლოკაციაზე მუშაობენ და ყოველდღიურ კონტაქტი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ 5 996 ადამიანი დაიღუპა და 8 848 დაშავდა. დაღუპულთა შორის 382 ბავშვია. ეს რიცხვები ასახავს დადასტურებულ ცალკეულ ინციდენტებს, რეალური ციფრები კი გაცილებით მაღალია“, – აღნიშნა ბოგნერმა.
ბოგნერმა ყურადღება ასევე გაამახვილა, რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმამ არამარტო საფრთხის ქვეშ დააყენა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, არამედ იძულებული გახადა ისინი, ეცხოვრათ დამამცირებელ პირობებში.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ან განადგურებულია 252 სამედიცინო და 415 სასწავლო დაწესებულება.