გაერო - მსოფლიოში სკოლის ასაკის ლტოლვილი ბავშვების ნახევარზე მეტი დაწყებით განათლებას ვერ იღებს
მსოფლიოში სკოლის ასაკის ლტოლვილი ბავშვების ნახევარზე მეტი დაწყებით განათლებას ვერ იღებს,- ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა განაცხადეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, 4 მილიონი ლტოლვილი ბავშვი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს.
საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი აღნიშნულ საკითხში გაცილებით მეტი ინვესტიციების ჩადებას ითხოვს. კომისარიატი პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობებს ლტოლვილი ბავშვების საჯარო სკოლებში სწავლების რეკომენდაციას აძლევს. ამჟამად ლტოლვილი ბავშვების დიდი ნაწილი, დაწყებით განათლებას სპეციალურად მათთვის შექმნილი პროექტების საშუალებით იღებს.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, სკოლის ასაკის ლტოლვილ ბავშვთა რაოდენობა 7,4 მილიონს აღწევს.