გაერო - მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვიტონ
გაერო შეშფოთებით ადევნებს თვალს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ შეტაკებებს და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ 2020 წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების დებულებების მიხედვით, – ამის შესახებ გაერო-ს პრესმდივნის მოადგილემ ფარჰან ჰაქმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირების საპასუხოდ განაცხადა.
„მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ ვიღებთ და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ. იმის მიუხედავად, რომ აშკარა მოვლენებია და შეშფოთბულები ვართ ბოლოდროინდელი ძალადობის ფაქტებით, ჩვენ მაინც გვჭირდება სრული ინფორმაციის გადამოწმება. ამ მომენტისთვის მოვუწოდებთ ორივე მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად და ნებისმიერი პრობლემა მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაწყვიტონ. გვსურს, წინა ესკალაცია ავირიდოთ თავიდან“, – აღნიშნა ჰაქმა.