გაერო მოუწოდებს თურქეთს, აფრინში სამხედრო ოპერაციისას მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებულ პუნქტებთან სიფრთხილე დაიცვას
გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს თურქეთს, სირიის აფრინში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებულ პუნქტებთან სიფრთხილე დაიცვას. ამის შესახებ განცხადება გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა გააკეთა.
„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობის შესახებ მოწოდებებს ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვგზავნით სხვადასხვა დონის ადრესატებთან“, – ამის შესახებ დიუჟარიკმა აფრინში ოპერაციის მსვლელობისას დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ გაეროს არ აქვს პირადი ინფორმაცია სირიის ამ რეგიონში მიმდინარე ოპერაციის მსვლელობის შესახებ.
„ჩვენ არ გვყავს აფრინში წარმომადგენლობა, ასე რომ ვცდილობთ ინფორმაცია ადგილობრივი პარტნიორებისგან მივიღოთ“, – აღნიშნავს დიუჟარიკი.
თურქეთის გენშტაბმა 20 იანვარს ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების ფორმირებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
თურქებთან ერთად, ოპერაციაში სირიის თავისუფლების არმიის მებრძოლებიც მონაწილეობენ. დამასკომ მკაცრად დაგმო თურქეთის მიერ აფრინზე მიტანილი იერიში.