გაერო-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს, რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არის საქართველო
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 94-მა წევრმა მისცა ხმა, მათ შორის საქართველომ, წინააღმდეგი 14 იყო, 74-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტი უკრაინის მიერ იყო ინიცირებული და მისი თანასპონსორი ათობით ქვეყანა იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში და უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველა დარღვევისთვის.
რეზოლუციის მხარდამჭერები რუსეთის ქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის, დანაკარგის და ზიანის ასანაზღაურებლად საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციას გაერო-ს წევრების მიერ ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ.