გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ.
გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას 128 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ თურქეთისა და იემენის მიერ მომზადდა, თუმცა მისი თანაავტორი მოგვიანებით გაერო-ს წევრი 36 ქვეყანა გახდა.
იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს.
კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.
„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე გაერო-ში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დავალება, ჩაინიშნოს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ.
ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დეკემბრის დასაწყისში აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელშიც წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლა უკანონოდ უნდა გამოცხადებულიყო.
დოკუმენტს მხარი საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო აშშ-ი, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს. სწორედ ამის გამო დაინიშნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა, რომელზეც დღეს იმავე რეზოლუციას უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.