გაერო კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად მილიონ დოლარს გამოყოფს
საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც გაერო-ს „კოვიდ-19“-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, – ინფორმაციას საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაერო-ს „კოვიდ-19“-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.
გაერო-ს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 15 მაისს სატრასტო ფონდმა გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში ერთი მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.
„დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის კვალდაკვალ, უმთავრესი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ვირუსის გავრცელების შეჩერება, ასევე, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ჩვენ ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტკრიზისული განვითარების ხელშეწყობაში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.
„ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაერო-ს „კოვიდ-19“-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში. ჩვენი რეაგირება მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზის მუშაკთა მოკლევადიანი, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ხანდაზმულთა, გრძელვადიანი საჭიროებების მოგვარებისკენ“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა.
გაერო-ს წარმომადგენლობის ცნობით, მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად; ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების, ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა მეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.
გაერო-ს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე, კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა.
პროექტს „საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თემების დახმარება პანდემიის შედეგების შესამცირებლად“ ახორციელებენ გაერო-ს ბავშვთა ფონდი, გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, გაერო-ს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით.
„აღნიშნული დახმარება საქართველოში გაერო-ს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში. პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გაერო ეხმარება საქართველოს მთავრობას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების სწრაფ შეფასებასა და მოგვარებაში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ლტოლვილები, მიგრანტები და სხვ.) პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისგან დაცვაში“, – აღნიშნულია გაერო-ს წარმომადგენლობის ინფორმაციაში.