გაერო პალესტინას სრულფასოვანი წევრი სახელმწიფოს მსგავსად მოქმედების უფლებას მისცემს
გაერო პალესტინას სრულფასოვანი წევრი სახელმწიფოს მსგავსად მოქმედების უფლებას მისცემს

გაერო პალესტინას 2019 წელს სრულფასოვანი წევრი სახელმწიფოს მსგავსად მოქმედების უფლებას მისცემს. შესაბამისი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ხმის მიცემის დროს ინიციატივის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და ავსტრალია გამოვიდნენ. მის სასარგებლოდ ხმა 146-მა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მისცა. 29-მ კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გაერო-ს გადაწყვეტილება შეეხება 2019 წელს 77 განვითარებადი სახელმწიფოს ჯგუფის შეხვედრებს, რომელსაც პალესტინა უხელმძღვანელებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ პალესტინის მცდელობას სტატუსის განმტკიცებასთან დაკავშირებით, როდესაც ეს პირდაპირი მოლაპარაკებების მიღმა ხდება. ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინის სახელმწიფოს არ აღიარებს“, – ასეთი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ასამბლეაზე.

2012 წელს გაერო-მ პალესტინის როგორც „არაწევრი სახელმწიფოს“ სადამკვირვებლო სტატუსი გააუმჯობესა. შედეგად პალესტინის წარმომადგენლებს გენერალური ასამბლეის გარკვეულ კენჭისყრებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.