გადაუღებელი წვიმის გამო ვლადივასტოკი დაიტბორა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადივასტოკის რამდენიმე რაიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ჩაიხერგა გზები და შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. შეფერხებული იყო სარკინიგზო მიმოსვლაც.
პრიმორიეს მხარეში უხვი ნალექი რამდენიმე დღეა არ წყდება.
წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე რაიონში დენის მიწოდება დროებით შეწყდა. ამის მიზეზი ქვესადგურებზე მომხდარი ავარია იყო.
დატბორილი ქუჩების გამო 28 აგვისტოს შეზღუდული იყო აეროპორტის ტერიტრიაზე ტრანსპორტის მოძრაობა. დაიტბორა აეროპორტის ავტოსადგომიც. მოგვიანებით ეს შეზღუდვები გაუქმდა.
ვლადივასტოკის მერიის ინფორმაციით, შესაძლოა, კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაციაც გახდეს საჭირო. ამის მიზეზად წყალსაცავებში წყლის დონის მატება სახელდება.
სტიქიის გამო ვლადივასტოკში რამდენიმე საწარმო არ მუშაობს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმები რეგიონში 29 აგვისტომდე გაგრძელდება.