გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავში, აქციის დაწყებამდე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავში, აქციის დაწყებამდე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ.
ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების კარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა.
ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა.
პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.
ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ორი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო შვიდ მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.
ამ დროისთვის, მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ეკიპაჟი იმყოფება“, – აცხადებენ გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.