გადამხდელთათვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ, პირველი აგვისტოდან ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ, ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორბიჯიანი სერვისის დანერგვა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით ხდება.
„2019 წლის პირველი აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთან, თუ 2019 წლის პირველი აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეო ინსტრუქციებში“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც ასევე მითითებულია ვიდეოინსტრუქციის ბმული.