„გაცოცხლებული ისტორია“ - 26 მაისისთვის ფეისბუქსივრცეში ეპოქის 10 მთავარი პერსონა გაცოცხლდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია თავიდან ცოცხლდება.
„გაცოცხლებული ისტორია“, – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. თავიანთ ისტორიას – ფოტოებით, ამბებით, ვიდეოებით – მოჰყვებიან ამ ისტორიის შემქმნელები და მთავარი მონაწილე გმირები.
ფეისბუქის საშუალებით გაცოცხლდება ეპოქის 10 მთავარი პერსონა: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი კვინიტაძე, აკაკი ჩხენკელი, მარო მაყაშვილი, ქრისტინე შარაშენიძე, ზაქარია ფალიაშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი.
გმირები გააზიარებენ ისტორიას სტატუსების, ფოტოების და კომენტარების საშუალებით. გარდა ამისა, მათგან გავრცელდება ფეისბუქლაივების სერიაც. ლაივების სერია შედგება ოთხი გაცოცხლებული ისტორიული მოვლენისგან, რომელიც წინ უძღოდა დამოუკიდებლობის მიღებას.
შეიქმნება ვებგვერდი, რომელზეც ხელმისაწვდომი იქნება მთავარი მოქმედი პერსონის შესახებ სრული ინფორმაცია და მათი რაკურსით დანახული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. ვებგვერდზე ასევე შესაძლებელი იქნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის გაცნობა სხვადასხვა თემების მიხედვით, იქნება ეს პოლიტიკა, განათლება თუ კულტურა. ისტორიის უკეთ წარმოსადგენად ვებგვერდზე მოცემული იქნება ეპოქის ამსახველი სხვადასხვა საარქივო მასალა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს პირველი არხიც ეხმაურება, შეიქმნა მიკროფილმები მარო მაყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ელენე ახვლედიანის, პირველი დეპუტატი ქალების და სხვ. შესახებ.