გაბრიელიუს ლანდსბერგსი - 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასობრივი დეპორტაცია ბალტიის ქვეყნებიდან, ეს ხსოვნა გვეხმარება, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს სხვა ქვეყნებშიც, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო
75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასობრივი დეპორტაცია ბალტიის ქვეყნებიდან. ეს ხსოვნა გვეხმარება, ვიყუროთ მომავალში, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს არც ჩვენს და არც სხვა ქვეყნებში, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგსმა ვაშინგტონში, ბალტიის ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრების აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა.
ბალტიელი დიპლომატები ამერიკელ კოლეგას ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ნატო-ში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შეხვდნენ.
„დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ტრაგიკული ისტორიის 75 წლისთავს. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასობრივი დეპორტაცია ბალტიის ქვეყნებიდან. ათობით, ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე იძულებით გადაასახლეს ციმბირში. მათ იქ თავიანთი ცხოვრების გატარება მოუწიათ. ბევრი მათგანი ვერ დაბრუნდა სამშობლოში. ეს ხსოვნა გვეხმარება ჩვენ, უკეთესად გავიგოთ უსაფრთხოების, დაცულობისა და კეთილდღეობის ფასი, რომლის მოპოვებაც ათწლეულების შემდეგ შევძელით; ასევე გვეხმარება, ვიყუროთ მომავალში, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც ჩვენს და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც დღეს იბრძვიან თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფიან, და საქართველო, რომელსაც 2008 წელს დაესხნენ თავს“, – განაცხადა ლანსბერგისმა.