გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მემსახურა ლიეტუვის ევროკომისრად, თუმცა მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნას, უკრაინის დახმარებას და ევროპის მომავლისთვის ბრძოლას სხვა გზებით“, – დაწერა ლანსბერგისმა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ლანდსბერგისის ეს განცხადება მასა და ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შორის განხეთქილების ფონზე გაკეთდა. ნაუსედამ უარი განაცხადა ლანდსბერგისის კანდიდატურის მხარდაჭერაზე, იმის მიუხედავად, რომ მინისტრს სხვა წამყვანი პოლიტიკოსები უჭერდნენ მხარს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე და „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი მანფრედ ვებერი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მიმართა, პრეზიდენტს ევროკომისრად წარდგენისთვის განსახილველად სხვა კანდიდატურა შესთავაზოს.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კომისრების თანამდებობებზე კანდიდატები 30 აგვისტომდე უნდა წარუდგინონ.