გაბრიელიუს ლანდსბერგისი - თითქმის 25 წელია, ვცდილობთ პუტინის შეკავებას დიპლომატიური გზით, ის აგრძელებს ქალაქების მიწასთან გასწორებას
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა.
მისი თქმით, რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები უცვლელია.
„თითქმის 25 წელია, რაც ჩვენ ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას. 2014 წელს, რუსეთის პირველი თავდასხმა უკრაინაზე მინსკის შეთანხმებით შეჩერდა, მაგრამ ძირითადი საკითხები სხვა დღისთვის გადაიდო. რუსეთის იმპერიალიზმის პრობლემა არ გაქრა 2014 წელს და უმეტესობისთვის ცხადი იყო, რომ შეჭრის შემდეგი ეტაპი უფრო ძვირი და მომაკვდინებელი იქნებოდა. ასეც მოხდა. როდესაც რუსეთმა კვლავ შეუტია, ომი უეცრად დღევანდელ პრობლემად იქცა. ისევ ვფიქრობთ, რომ მისი გადაჭრა შეგვიძლია ხვალინდელ პრობლემად ქცევით, მაგრამ წინაპირობა არ შეცვლილა. რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები უცვლელია. შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ შესაძლოა, ნატოს წინააღმდეგ. ადამიანური და ეკონომიკური საფასური მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ იმას, რასაც მე ვუწოდებ „პერლ ჰარბორის ეფექტს“, მომენტს ისტორიაში, როდესაც ხვალინდელი პრობლემები საბოლოოდ გადაიქცევა დღევანდელ პრობლემად, მაგრამ უზომოდ გაბერილი ფასით. ან შეგვიძლია ეს დღევანდელ პრობლემად მივიჩნიოთ და დღესვე დავიწყოთ მისი გადაჭრა. ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა არის წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების განცდა, სანამ საბოლოოდ გადავწყვეტთ, რომ დროა გავიმარჯვოთ“, – წერს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.