გაბრიელიუს ლანდსბერგისი - თბილისს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავი რეგიონულ ცენტრად, ლიეტუვა კი მზად არის, წვლილი შეიტანოს თანამშრომლობის გაძლიერებაში
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - თბილისს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავი რეგიონულ ცენტრად, ლიეტუვა კი მზად არის, წვლილი შეიტანოს თანამშრომლობის გაძლიერებაში

ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და უარყოფს ყველა ღია და ფარულ ინიციატივას, რომლებიც გამიზნული იქნება, ზემოთ აღნიშნულს ძირი გამოუთხაროს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

„ჩემს გუნდთან ერთად, ძალიან ინტენსიურად გავატარე რამდენიმე დღე თბილისში. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას ღია და გულახდილი დისკუსიებისთვის. მსურს, აღვნიშნო, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა და ჩვენს ხალხს შორის ძალიან ღრმა ურთიერთობები არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა. ლიეტუვა არასდროს წავა კომპრომისზე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და უარყოფს ყველა ღია და ფარულ ინიციატივას, რომლებიც გამიზნული იქნება, რომ ზემოთ აღნიშნულს ძირი გამოუთხაროს. რუსეთის აგრესიული ნაბიჯები ბორდერიზაციის მიმართულებით დაგმობილი იქნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები და სრულად დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებას და აგრეთვე, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა სრულ სოლიდარობას უცხადებს ზაზა გახელაძის ოჯახს, ასევე სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებსა და მათი ოჯახებს.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გაზრდილია რუსეთის ყოფნა და მისი წარმომადგენლობა. ამ ფონზე, ჩვენ ნათლად გვსურს, განაცხადოთ, რომ გეოპოლიტიკური გარემო იცვლება, ახლო რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი. თბილისს გააჩნია შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც რეგიონული ცენტრი – პანდემიასთან დაკავშირებული ინიციატივები, იქნება ეს თანამშრომლობა ვაჭრობის თუ საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, ნებისმიერი საკითხის მხრივ, რომელიც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ს. ლიეტუვა მზაობას აცხადებს, თავისი წვლილი შეიტანოს თანამშრომლობის გაძლიერებაში“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.