გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სტრატეგიული უსაფრთხოება თავად უკრაინელმა და ქართველმა ხალხებმა აირჩიეს, რასაც პატივი უნდა ვცეთ, გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ დახმარება ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთი ემუქრება
ვფიქრობთ, რუსეთი რეალურად ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ომისთვის და ეს იქნება ალბათ, უპრეცედენტო მოვლენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ზუსტი და მზად ამისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ გაზარდონ დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთი ემუქრება.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების თავმოყრის თაობაზე დისკუსია. ვფიქრობთ, რუსეთი რეალურად ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი ომისთვის და ეს იქნება ალბათ, უპრეცედენტო მოვლენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ზუსტი და მზად ამისთვის. ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყანაზე, რომელიც დასავლურ მიმართულებას ირჩევს, ამიტომ პასუხიც უპრეცედენტო უნდა იყოს დასავლური ქვეყნებისგან. ჩვენი მოკავშირეებისგან, შეერთებული შტატებისგან მტკიცე პასუხი უნდა მოვისმინოთ.
ეს არის სტრატეგიული ბერკეტი რუსეთისთვის, როდესაც ისინი ამბობენ, რომ იქნება ომი, მაგრამ ევროპა ამ ტიპის შანტაჟის ქვეშ არ უნდა მოექცეს. სტრატეგიული არქიტექტურა თუ სტრატეგიული უსაფრთხოება თავად უკრაინელმა და ქართველმა ხალხებმა აირჩიეს. ეს არ დაუწესებია დასავლეთს, ნატო-ს ან შეერთებულ შტატებს, არამედ ამ ორი ქვეყნის ხალხებმა აირჩიეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ ხალხების სურვილს, რასაც ისინი აკეთებენ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, შეკავება ომის შეჩერების ძირითადი გზაა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, სანქციები უნდა იყოს უპრეცედენტო მასშტაბის. ვფიქრობ, ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები ამის სამართავად. ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთი ემუქრება. აქ, ევროკავშირის შენობაში ვიტყვი, რომ გაერთიანებას აქვს უამრავი ინსტრუმენტი, ეკონომიკური, ფინანსური და ახლა სწორედ ამის დროა“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.