გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და ევროატლანტიკური მისწრაფებების ნამდვილი მხარდამჭერია
მინდა, დავადასტურო, რომ ლიეტუვა არის საქართველოს, ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ნამდვილი მხარდამჭერი, ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილული იქნა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.
უწყების ცნობით, საუბრისას მინისტრებმა ასევე განიხილეს „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ლიეტუვაში.
ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის მხარემ დაადასტურა ამ მიმართულებით დახმარების მზაობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლიეტუვის მხარე ასევე მიესალმა ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
„ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს, რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ ტრანსატლანტიკური მიმართულების განხილვას, რომლის ნაწილადაც საქართველო აღიქვამს თავს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და შეამკო გმირთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. 29 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.