გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება, რადგან აშშ-სა და სლოვაკეთში პოლიტიკური ძვრები საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერას
ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად კრიტიკულ ეტაპს უახლოვდება მას შემდეგ, რაც აშშ-სა და სლოვაკეთში პოლიტიკური ძვრები საფრთხეს უქმნის უკრაინის მიმართ ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერას, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ოფიციალური პირები კიევში შეხვდნენ, რათა გაეგზავნათ სრულიად მკაფიო გზავნილი, რომ ევროპა უკრაინასთანაა.
„ბევრ შეტყობინებას, რომელიც გაიგზავნა ბრიუსელიდან, ან ვაშინგტონიდან, ან სხვა მხრიდან, აქვს იმის ძალა, რომ გააჩინოს ეჭვი იმის შესახებ, ვართ თუ არა სერიოზულები. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელ შეხვედრას შეუძლია ამის გამოსწორება და ძალიან მკაფიო, ნათელი შეტყობინების გაგზავნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით არის გამარჯვებამდე“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
როგორც ცნობილია, სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტიამ, მემარცხენე „სმერმა“ გაიმარჯვა. სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აცხადებენ, რომ, მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტენ.
ამასთან, გასულ-შაბათ კვირას აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დროებითი, 45-დღიანი ბიუჯეტი, რათა თავიდან აეცილებინა მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. შათდაუნი. დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, არ დაუშვან უკრაინის დახმარების შეფერხება და იმუშაონ წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად.