გაბრიელ ფელბერმაირი - ჭარბი ექსპორტი გერმანიის ეკონომიკას პრობლემებს უქმნის
გერმანიის სავაჭრო ბალანსში ექსპორტი რომ იმპორტს აჭარბებს, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის უკვე პრობლემური ხდება. ასეთი განცხადება მიუნხენის „საერთაშორისო ეკონომიკის კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა, გაბრიელ ფელბერმაირმა ოთხშაბათს ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-თან საუბრისას გააკეთა.
მიუნხენის „საერთაშორისო ეკონომიკის კვლევითი ცენტრი“ გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია და მისი დირექტორის აზრით, გერმანიის სავაჭრო პროფიციტი, რაც საერთაშორისო სავაჭრო ბალანსში ექსპორტის უპირატესობას ნიშნავს თანდათან უფრო პრობლემატური ხდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ზოგადად გერმანიის ყველა სავაჭრო პარტნიორთან მიმართებაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით.
„სავაჭრო პროფიციტი უკვე ტოქსიკური ხდება და გერმანიის შიდა წრეებშიც ბევრი კამათობს, რომ აუცილებელია მისი მოცულობის შემცირებისთვის რამე გავაკეთოთ. ეს (ჭარბი ექსპორტი) უკვე ვალდებულებებში გადის და არა აქტივებში,“ განაცხადა ფელბერმაირმა.
გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა და წარმოება, რის შედეგადაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსში წონასწორობა ექსპორტის მხარეს იხრება, უკვე დიდი ხანია ცხარე კრიტიკის საგანია. როგორც ცნობილია, სავაჭრო პროფიციტი საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონისტულ მიდგომად განიხილება, რაც სხვა ქვეყნების ეკონომიკას პრობლემებს უქმნის. ამიტომ ოფიციალურ ბერლინზე გაძლიერდა ზეწოლა, რომ ქვეყნის შიგნით სამომხმარებლო ხარჯები და იმპორტი წაახალისოს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გერმანიის სავაჭრო პროფიციტის კოეფიციენტი 2017 წელს 300.9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 2009 წლის შემდეგ პირველი ვარდნაა. მიუხედავად შემცირებისა, გერმანია-აშშ-ის სავაჭრო ბალანსში გერმანიის პროფიციტმა 64 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გერმანიის დიდი სავაჭრო უპირატესობის გამო, გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ურჩია, რომ ეკონომიკის მართვა დახვეწოს.
როგორც ცნობილია, ტრამპი სავაჭრო ბალანსში დარღვეული წონასწორობის გამო, თავისი მთავარი სავაჭრო პარტნიორების პროდუქციის ახალი ტარიფებით დაბეგვრას აპირებს, მათ შორის ჩინური ტექნოლოგიური პროდუქტისა და გერმანული ავტომობილების იმპორტის.
თავის მხრივ, განაწყენებულმა პარტნიორებმა ჩინეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და მექსიკამ ტრამპს ტარიფების ზრდით უკვე უპასუხეს. 6 ივლისიდან აშშ კიდევ 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური იმპორტის დაბეგვრასაც აპირებს, რასაც ჩინეთი იმავე დღეს იგივე მოქმედებით უპასუხებს.
ზოგადად, ჭარბი ექსპორტის სინდრომი, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსაც „გადაედოთ“, როგორიცაა უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და იტალია. ამ ქვეყნებს ადრე თუ სავაჭრო დეფიციტი ჰქონდათ, ანუ ექსპორტი იმპორტს ჩამორჩებოდა, დღეს ყველგან დიდი სავაჭრო პროფიციტი ფიქისრდება – ექსპორტი ჭარბობს იმპორტს.
სავაჭრო პროფიციტის შესამცირებლად ანალიტიკოსები ევროკავშირს და განსაკუთრებით გერმანიას ურჩევენ, ფისკალურ პოლიტიკას გადახედონ. უფრო ზუსტად, მოგების და საშემოსავლო გადასახადები შეამცირონ, რაც შიდა მოხმარებას წაახალისებს.