გაბონში სამხედრო მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ განაცხადეს
გაბონში სამხედრო მაღალჩინოსნებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ძალაუფლების გადაბარების შესახებ განაცხადეს. 12-მა ოფიცერმა სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა მიმართვა. მათი თქმით, ისინი გაბონის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს სრულად წარმოადგენენ. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დათხოვნისა და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ განაცხადეს.
მიმართავში სამხედრო მაღალჩინოსნებმა გასული კვირის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.
სამხედრო გადატრიალების შესახებ ოფიცრებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ქვეყნის საარჩევნო ცენტრმა მოქმედი პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. საარჩევნო ორგანოს მონაცემებით, ბონგომ ხმების 64, 27 პროცენტი მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს. საარჩევნო ცენტრის მონაცემებით, მისმა მთავარმა მეტოქემ, ალბერტ ონდო ოსამ ხმების 30, 77 პროცენტი მიიღო.
ამჟამად პრეზიდენტ ბონგოს ადგილსამყოფელი უცნობია. „ბიბისის“ ცნობით, მისი თანამდებობიდან გადაყენება ბონგოების ოჯახის 53-წლიანი მმართველობის დასრულება იქნება.