გაბონში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა
გაბონში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, გაბონში სახელმწიფო გადატრიალებაა. როგორც იუწყებიან, სამხედროებმა ნაციონალური რადიოს შენობა დაიკავეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ალი ბონგო გადაყენებულია, ხოლო ქვეყანას ამიერიდან „ეროვნული საბჭო“ მართავს.

მათი თქმით, სამხედრო გადატრიალების მიზანი გაბონში დემოკრატიის აღდგენაა. ჟურნალისტების ცნობით, გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში მძიმე ტექნიკა მოძრაობს.

მთავრობა ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო 2009 წლიდან იკავებს ამ თანამდებობას. მანამდე გაბონს მისი მამა, ომარ ბონგო მართავდა.

როგორც ცნობილია, გაბონის პრეზიდენტი უკვე ორი თვეა, ქვეყანაში არ იმყოფება. მედიის ცნობით, ინსულტის შემდეგ ის მაროკოში მკურნალობს.

ბოლოს ალი ბონგო სატელევიზიო ეთერში ახალ წელს გამოჩნდა. ჩაწერილ მილოცვაში მან განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს.