გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა შინაპატიმრობაში იმყოფება
გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა შინაპატიმრობაში იმყოფება

გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა შინაპატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა განაცხადეს.

მათივე განცხადებით, პრეზიდენტის ერთ-ერთი ვაჟი ღალატისთვის არის დაკავებული.

„პრეზიდენტი ალი ბონგო შინაპატიმრობაშია, თავისი ოჯახისა და ექიმების გარემოცვაში“, – განაცხადეს სამხედრო მაღალჩინოსნებმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სახელმწიფო ტელევიზიით სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების გამოცხადების შემდეგ გაბონის დედაქალაქის, ლიბრევილის მთავარ ქუჩაზე მოქალაქეები გავიდნენ და სამხედრო გადატრიალება იზეიმეს. თუმცა სამხედროებმა მათ სახლებში დაბრუნებისა და ქალაქის სტრატეგიული რაიონის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

სამხედრო გადატრიალების შესახებ ოფიცრებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ქვეყნის საარჩევნო ცენტრმა მოქმედი პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

საარჩევნო ორგანოს მონაცემებით, ბონგომ ხმების 64,27 პროცენტი მიიღო და პრეზიდენტის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს. სამხედროებმა არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს. მათი თქმით, 26 აგვისტოს ხმის მიცემის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, სანდო და ინკლუზიური.

ამჟამად პრეზიდენტ ბონგოს ადგილსამყოფელი უცნობია. „ბიბისის“ ცნობით, მისი თანამდებობიდან გადაყენება ბონგოების ოჯახის 53-წლიანი მმართველობის დასრულებაა. 64 წლის ალი ბონგო გაბონის პრეზიდენტის პოსტს 2009 წლიდან იკავებს.