გაბონის მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორი მონაწილე მოკლულია, შვიდი კი დაკავებული
გაბონის მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორი მონაწილე მოკლულია, შვიდი კი დაკავებული

გაბონის უსაფრთხოების ძალებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორი მონაწილე მოკლეს, დანარჩენები კი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულია შეთქმულების შვიდი მონაწილე, რომლებმაც სახელმწიფო რადიოსადგური დაიკავეს.

მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედროებმა ნაციონალური რადიო დაიკავეს და განაცხადეს, რომ ქვეყანაში „დემოკრატიის აღდგენას“ აპირებენ. რადიოს ეთერიდან მათ სამხედროებს მოუწოდეს, სატრანსპორტო სისტემა, სამხედრო საწყობები და აეროპორტები დაიკავონ.

მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილობრივი მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ მათ ინტერნეტი გაუთიშეს.

გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო უკვე ორი თვეა მაროკოში მკურნალობს. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. პრეზიდენტი საზოგადოებამ ბოლოს ტელევიზიით ნახა, როდესაც ბონგომ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.