გაბონში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილე სამხედროები დააკავეს
გაბონში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილე სამხედროები დააკავეს

გაბონში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილე სამხედროები დააკავეს. BBC-ის ცნობით, გაბონის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

პრესსპიკერის ინფორმაციით, მეამბოხე სამხედროებიდან ოთხი დაკავებული, ერთი კი, გაქცეულია.

მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედროებმა ნაციონალური რადიო დაიკავეს და განაცხადეს, რომ ქვეყანაში „დემოკრატიის აღდგენას“ აპირებენ. რადიოს ეთერიდან მათ სამხედროებს მოუწოდეს, სატრანსპორტო სისტემა, სამხედრო საწყობები და აეროპორტები დაიკავონ.

გაბონის დედაქალაქის ქუჩებში ამ დრომდე მოძრაობს მძიმე ტექნიკა და სამხედრო მანქანები.

გაბონის პრეზიდენტი ალი ბონგო უკვე ორი თვეა მაროკოში მკურნალობს. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. პრეზიდენტი საზოგადოებამ ბოლოს ტელევიზიით ნახა, როდესაც ბონგომ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.