„დოიჩე ველე“ - სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ
„დოიჩე ველე“ - სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ

სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი და მინისტრთა კაბინეტის უმეტესობა შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

ამბოხებულების მიერ გადაკეტილია ხართუმის აეროპორტი, ხოლო მთელ ქალაქში გათიშულია ინტერნეტი.

გამოსვლები სუდანში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. დემონსტრანტები ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემას ითხოვდნენ, ზოგი კი არმიას გარდამავალი მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა.

სუდანში, 2019 წელს დიქტატორ ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა სუვერენული საბჭო, რომელიც შედგება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროებისგან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სუვერენულმა საბჭომ დაიწყო ეკონომიკური რეფორმების სერია, რის შედეგადაც გაუქმდა სახელმწიფო სუბსიდიები საწვავზე. ამ და სხვა მრავალმა ღონისძიებამ გამოიწვია მოსახლეობის ფართო უნდობლობა არსებული ხელისუფლების მიმართ. სუდანში ისედაც რთულ ვითარებას ამძაფრებს მაღალი ინფლაცია, ეკონომიკური სირთულეები და ღრმა პოლიტიკური განხეთქილება.