G7 - სოლსბერიში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული
დიდმა შვიდეულმა რუსეთს მოუწოდა, ყოფილი ორმაგი ჯაშუშის მოწამვლაზე კითხვებს პასუხი გასცეს.
ამასთან, დიდი შვიდეული მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის პოზიციას, რომ სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან რუსეთია დაკავშირებული.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის უარს, პასუხი გასცეს ბრიტანეთის მთავრობის კანონიერ კითხვებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მომხდარზე რუსეთია პასუხისმგებელი“, – ნათქვამია G7-ის განცხადებაში.
დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები მოითხოვენ, რომ რუსეთმა „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ სპეციალისტებს მიაწოდოს ინფორმაცია ნერვულ-პარალიტიკური შხამ „ნავიჩოკის“ პროგრამის შესახებ, რომელსაც რუსეთი საიდუმლოდ ინახავდა.
„რუსეთში შექმნილი სამხედრო შხამით თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველად მოხდა. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. ეს არის თავდასხმა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე და ყველა ჩვენგანისთვის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ დიდი შვიდეული განაგრძობს დიალოგს რუსეთთან, რათა ის დაუბრუნდეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემის ჩარჩოებს. ამასთან, დიდი შვიდეულის წევრები „ჰიბრიდული საფრთხეების“ საპასუხოდ უსაფრთხოების გაძლიერებას განაგრძობენ.