ფუტსალის ლიგაში პირველი ფინალისტი გაირკვა - „თელასი“ მეტოქეს ელოდება
„თელასი“ ფუტსალის ლიგის 2018-2019 წლების სეზონის პირველი ფინალისტია. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამოცანა მინიმალურ დროში გადაჭრა. „თელასმა“ ქუთაისის „მართვე“ წინა ორ ნახევარფინალურ
შეხვედრაში 5:0 და 5:3 დაამარცხა, მესამედაც დამაჯერებლად სძლია და რადგან სერია სამ გამარჯვებამდე გრძელდებოდა, ფინალის საგზური მოიპოვა.
„ენერგეტიკოსები“ პირველივე ტაიმში სამი ბურთით დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში კი უპირატესობა გაზარდეს და საბოლოოდ, 7:2 მოიგეს. გამარჯვებულებიდან 2-2 გოლი შოთა თოფურიამ და ნუკრი ჭუმბურიძემ გაიტანეს.
„უპირველესად, ჩემს გუნდს ფინალში გასვლას ვულოცავ. „მართვეს“ დაეტყო, რომ მოტივაცია დაკარგული ჰქონდა. ორი წაგებული ნახევარფინალის შემდეგ ბრძოლა რთულია. დასკვნით ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მეტოქე ვინ იქნება, ყველა შემთხვევაში, ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება და შანსები თანაბარი იქნება. ვფიქრობ, კარგია, რომ დავალება სამ თამაშში შევასრულეთ, ეს ძალების დაზოგვაში დაგვეხმარება. ფიზიკურ კონდიციებს აღვიდგენთ და ფინალისთვის უკეთ მოვემზადებით“, განაცხადა „თელასის“ მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა.
„თელასი“ ფინალში თავის მეტოქეს ელოდება, რომელიც „TMC თბილისისა“ და თსუ-ს წყვილში გამოვლინდება. მათ შეხვედრაში დღეს „TMC თბილისმა“ გიორგი სილაგავას დუბლით 2:0 გაიმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.