ფუტსალი | პირველი გამარჯვება შესარჩევში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | პირველი გამარჯვება შესარჩევში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალი ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის პირველ შეხვედრა სომხეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

თამაში დაძაბული გამოდგა, სომხეთის ნაკრები საქართველოსთან ბოლო შეხვედრის შემდეგ საგრძნობლად გაძლიერდა. მეტოქე პირველივე წუთებიდან თავს კარგად იცავდა და რამდენიმე ეპიზოდში მწვავედ შეუტია, მაგრამ მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრების ახალწვეულის, ჩიმბას გადაცემით, ირაკლი თოდუამ ანგარიში გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა 1:0.

ამის შემდეგ სომხეთის ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა, რაშიც დიდ როლი მეკარემ ითამაშა – ის შეტევებში ჩართვით სტუმრებს უპირატესობას უქმნიდა, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ, ზუსტი პასი მიაწოდა ბრუნო გომესს და მან საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმი უფრო ნერვების ბრძოლა იყო. საქართელოს ნაკრებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სომხეთის ნაკრებმა კი, თამაშის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა – ჟულიუ ზანოტოს დარტყმის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში შაგინიამ ჩაჭრა.

ბოლო წუთებზე სომხეთის ნაკრები თამაშის გადასარჩენად მთელი ძალებით უტევდა, მეკარე მეხუთე მოთამაშით შეცვალეს, რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს და ავთანდილ ასათიანის (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 მატჩი ჩაატარა) გუნდმა შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:1.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის შემდეგ მატჩს 20 სექტემბერს, პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს.


საქართველო – სომხეთი 2:1


გოლები: 1:0 თოდუა (19. ჩიმბას პასით), 2:0 ბრუნო გომესი (19. კუპატაძის პასით), 2:1 შაგინია (33. საკუთარ კარში).