ბიატლონში მამაკაცთა მსოფლიოს თასის ლიდერმა, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოგებით დაიწყო ავსტრიის ჰოხფილცენის ეტაპი.
მიუხედავად იმისა, რომ ბომ სპრინტში ბოლო სროლისას შეცდომა დაუშვა, მაინც შეძლო სეზონში ზედიზედ მესამე რბოლის მოგება.
სლოვენიის პოკლიუკაში წინა ეტაპზე ჩავარდნის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა ფრანგმა მარტენ ფურკადმა. ამჯერად, მან 10 ტყვია უშეცდომოდ ისროლა, მაგრამ ტემპში წააგო ბოსთან და საბოლოოდ, ფინიშთან 8.6 წამი დათმო. მესამეზე 10.2-წამიანი ჩამორჩენით გერმანელი ბენედიქტ დოლი მივიდა, რომელსაც ასევე არც ერთი სროლა არ აუცილებია.
მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში ბომ განიმტკიცა ლიდერობა. ახლა ის 54 ქულით უგებს უახლოეს მდევარს, ფრანგ ანტონინ გიგონას. ფურკადი გენერალურ კლასიფიკაციაში, ჯერჯერობით, მეხუთე ადგილზეა.